Sunday, March 27, 2011

ყოვლისშემძლეობის პარადოქსი




ომნიპოტენციის ანუ ყოვლისშემძლეობის პარადოქსი არის ფილოსოფიური დილემა, რომელიც წარმოიქმნება ომნიპოტენციური (ყოვლისშემძლე) ქმნილების არსებობის დაშვებისადმი ლოგიკური მიდგომით. კერძოდ, პარადოქსი იქმნება შეკითხვის დასმისას:
შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეზღუდვა.

ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით ეს პარადოქსი ამტკიცებს იმას, რომ შეუძლებელია ამგვარი (ყოვლისშემძლე) არსების არსებობა; სხვებს კი მიაჩნიათ, რომ პარადოქსი იქმნება ყოვლისშემძლეობის კონცეფციის არაზუსტი გაგების გამო. უფრო მეტიც, მთელი რიგი ფილოსოფოსებისა მიიჩნევენ, რომ მტკიცება იმაზე, რომ ესათუის არსება ომნიპოტენტურია ან პირიქით, მცდარი დილემაა, ვინაიდან ის თავს არიდებს სხვადასხვა ხარისხის ომნიპოტენციის შესაძლებლობას.

პარადოქსი ემყარება აბრაამისეული რელიგიების ღმერთის განსაზღვრებას, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფილოსოფოსებმა ამ პარადოქსის ფრაზირება მრავალი ფორმით სცადეს, რომელთა კლასიკური მაგალითია: “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” პარადოქსის ამგვარი სახით ფორმულირებას რამდენიმე ხარვეზი აქვს, თუმცა როგორც ყველაზე განთქმული ვერსია, ის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ამ პარადოქსის ანალიზის სხვადასხვა მეთოდებისა.

ყოველისშემძლეობის პარადოქსის სრულყოფილი ანალიზისთვის საჭიროა ომნიპოტენციის ზუსტი განსაზღვრების დადგენა. ეს განსაზღვრება ვარირებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიებში, და ასევე ფილოსოფოსებს შორისაც. ამ ცნების საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრებით ის ყოვლისშემძლე, უძლიერესი არსებაა, თუმცა ეს არ არის საკმარისი ომნიპოტენციის პარადოქსისთვის. პარადოქსის ფორმულირება შეუძლებელია, მაგალითად, თუ ჩავთვლით, რომ ომნიპოტენციურ არსებას შეუძლია იმოქმედოს ლოგიკური ჩარჩოების შეზღუდვების გარეთაც. პრობლემისადმი თანამედროვე მიდგომები პარადოქსს იხილავენ სემანტიკის შესწავლით, ეჭვქვეშ აყენებენ რა ენის, და მაშასადამე ფილოსოფიის, შესაძლებლობას ახსნას თავად ომნიპოტენციის კონცეფცია.



შეკითხვის “შეუძლია ომნიპოტენტურ არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავად ამ ომნიპოტენტურმა არსებამაც ვერ ასწიოს?” ანალიზი შესაძლებელია შემდეგნაირად:
არსებას შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ის ვერ ასწევს, ან პირიქით, მას არ შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ის ვერ ასწევს.
თუ არსებას შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ის ვერ ასწევს, მაშინ ის აღიარებს რომ მას არ შეუძლია რაღაცის გაკეთება და მაშასადამე არ არის ყოვლისშემძლე.
თუ არსებას არ შეუძლია შექმნას ქვა რომელსაც ის ვერ ასწევს, მაშინ ის აღიარებს რომ მას არ შეუძლია რაღაცის გაკეთება და შესაბამისად არ არის ყოვლისშემძლე.

ამგვარი ახსნა სარკისებურად ირეკლავს მეორე კლასიკურ პარადოქს - დაუბრკოლებელი ძალის პარადოქსს: რა მოხდება მაშინ, როცა დაუბრკოლებელ ძალას შეხვდება უძრავი ობიექტი? ამ პარადოქსის პასუხი ამგვარია: თუ ძალა დაუბრკოლებელია, მაშინ ამავე განსაზღვრებით არ არსებობს ნამდვილად უძრავი ობიექტი; და პირიქით, თუ უძრავი ობიექტი სინამდვილეში არსებობს, მაშინ ვერანაირი ძალა ვერ განისაზღვრება როგორც ჭეშმარიტად დაუბრკოლებელი. ამგვარი პარადოქსები ემყარება ზოგად მტკიცებებს, მაგრამ ვერ პასუხობს ყოვლისშემძლეობის განსაზღვრების საკითხს.

ვინმემ შესაძლოა პარადოქსი გადაჭრას თუ ჩავთვლით, რომ ყოვლისშემძლეობა აუცილებლად არ მოიცავს ყველაფრის შესაძლებლობას ერთსა და იმავე დროს, ანუ ყოველთვის. შესაბამისად, არგუმენტი შეიძლება ამგვარად ჩამოყალიბდეს:
არსებას შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც იმ მომენტში ის ვერ ასწევს.
თუმცა, არის რა ყოლისშემძლე, არსებას ყოველთვის შეუძლია მოგვიანებით შეამციროს ქვის წონა ან საკუთარ თავს მისცეს დამატებითი სიძლიერე, რათა შესძლოს ამ ქვის აწევა. მაშასადამე, ეს არსება ლეგიტიმურად ყოვლისშემძლედ რჩება.

ამ შეხედულების მცირეოდენი ვარიაცია ედება საფუძვლად ქრისტიანულ სარწმუნოებას. ქრისტიანულ სახარებებში ყოვლისშემძლე შემქმნელი საკუთარი ნებით იცლის საკუთარი ძალის ნაწილს და საკუთარ ქმნილებაში აღწევს. ამგვარი სცენარით, ყოვლისშემძლე არსება საკუთარ თავს ზღუდავს (გარკვეულ ფარგლებში) იმ კანონებით, რომლითაც მან სამყარო შექმნა. საკუთარი ქმნილებიდან გამოსვლის შემდეგ ეს არსება უკან იბრუნებს მის განუსაზღვრელ ძალას. ამგვარ ლოგიკაზე დაყრდნობით ყოვლისშემძლეობის განსაზღვრება ისევ საორჭოფო ხდება: შეუძლია კი ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა იმდენად მყარი და უცვლელი, რომ თავად ამ არსებამაც ვერ შეძლოს მისი წონის შემცირება? უფრო მეტიც, ახვევს კი ამგვარი სიტუაცია თავს ყოვლისშემძლე არსებას წინაპირობას, რათა მან მოგვიანებით შეამციროს ქვის წონა -- ზღუდავს რა ამით ყოვლისშემძლე არსების თავისუფალ ნებას?

დაუბრკოლებელი ძალის პარადოქსზე კლასიკური მტკიცების ხარვეზები ნათელი ხდება თანამედროვე ფიზიკის კონტექსტში, სადაც ყუმბარა, რომლის ტრაექტორიის შეცვლა შეუძლებელია და კედელი, რომლის დანგრევა შეუძლებელია არის ფიზიკურად შეუძლებელი ტიპის ობიექტები, ანუ ობიექტები, რომელთაც უსასრულო ინერციულობა ახასიათებს. თუმცა, ეს ფიზიკის არგუმენტებია, რაც პირდაპირ ვერ პასუხობს პარადოქსის ლოგიკას; ის მხოლოდ ზეგავლენას ახდენს პარადოქსის ილუსტრაციისთვის ფილოსოფიული მაგალითების ჩვენეულ არჩევანზე. შესაბამისად, კლასიკური განსაზღვრება ყოვლისშემძლეობის პარადოქსისა - ქვა იმდენად მძიმე, რომლის აწევა მის ყოვლისშემძლე შემქმნელს არ შეუძლია - არისტოტელესეულ მეცნიერებას ეფუძნება. ეს განსაზღვრება უშვებს, რომ კოსმოსი გეოცენტრიულია და დედამიწა ბრტყელია - შეიძლება კი ქვის აწევა პლანეტის ზედაპირიდან? უფრო მეტიც, თუ მოვიაზრებთ ქვის პოზიციას მზესთან მიმართებაში, რომლის ირგვლივაც პლანეტა მოძრაობს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვის აწევის პროცესი მუდმივია. პედნტურად თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე ფიზიკა მიუთითებს, რომ ფრაზის ამგვარი არჩევანი საკმაოდ სუსტია, თუმცა ეს თავისთავად არ იძლევა იმის საბაბს, რომ ვუარჰყოთ ყოვლისშემძლეობის პარადოქსის ფუნდამენტალური კონცეფცია. ფიზიკოსი სტივენ ჰავკინგის მიერ შემქმნელი ღვთაებისა და ბუნების კანონთან მიმართებაში ჩამოყალიბებული განსაზღვრებით, კლასიკური მსჯელობა შეიძლება შემდეგნაირად გადაკეთდეს:
ყოვლისშემძლე არსება ქმნის სამყაროს, რომელიც არისტოტელესეულ ფიზიკის კანონებს ემორჩილება.
ამ სამყაროს შიგნით, შეუძლია კი ყოვლისშემძლე არსებას შექმნას ქვა იმდენად მძიმე, რომ თავადაც ვერ ასწიოს იგი?

მეცნიერ-პუბლიცისტი ჯეიმს გლიკი, რიჩარდ ფეინმანის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ამგვარი პარადოქსი წარმოიშვა, როცა მეცნიერებმა დაიწყეს კამათი ატომთა არსებობის შესახებ: შეეძლო კი ყოვლისშემძლე არსებას, ამ შემთხვევაში, ქრისტიანულ ღმერთს, შეექმნა ატომები, რომელთაც ის თავადაც ვერ გახლეჩდა?

მარტივი წარმოდგენით, ყოვლისშემძლეობის პარადოქსი კონცეპტუალურად მსგავსია ტოლერანტული საზოგადეობების მიერ არატოლერანტთა მიმართ არატოლერანტობის, ვინაიდან არატოლერანტობის ტოლერანტობით ეს საზოგადოება თავად იქნებოდა არატოლერანტული. მსგავსად, როცა ღმერთი იგულისხმება, როგორც ყოვლისშემძლე, ეს განსაზღვრება უნდა გავიგოთ ისე, რომ ის გამორიცხავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ყოვლისშემძლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მაგ. ღმერთის უკვდავობა მის ყოვლისშემძლეობას კი არ ჩრდილავს, არამედ ხაზს უსვამს მას. მაშასადამე, პარადოქსი შეიძლება გადაწყდეს იმ პირობის შემოტანით, რომ ღმერთი საკუთარი უნაკლობით შეზღუდულია და ამგვარად ის ვერ შექმნის ქვას იმდენად მძიმეს, რომელსაც თავად ვერ ასწევდა. ჩაითვლება თუ არა ის ყოვლისშემძლედ კი უკვე მხოლოდ სემანტიკის საკითხია.




წყარო: wikipedia 

ბერძენი ფილოსოფოსები

დიდი ფილოსოფოსები

Thursday, March 24, 2011

კიდევ უფრო მეტი....

ადამიანები განსხვავდებიან ინტერესებით
უამრავ ადამიანს აქვს ჰობი. ზოგი ძველ მონეტებს ან უცხოურ მარკებს აგროვებს, ზოგი ქარგავს, ზოგიც მთელ თავისუფალ დროს თავის საყვარელ სპორტს უთმობს. ბევრს კითხვა უყვარს, თუმცა ადამიანების გემოვნება ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი მხოლოდ გაზეთებსა და კომიქსებს ეტანება, ზოგს რომანები იზიდავს, სხვები კი ასტრონომიის, ველური ბუნების ან ტექნიკის შესახებ დაწერილ წიგნებს ამჯობინებენ.

ნუთუ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას აინტერესებს და ყველას ეხება, მიუხედავად იმისა, ვინ არის და დედამიწის რომელ კუთხეში ცხოვრობს? არის საკითხები, რომლებიც ყველას აინტერესებს.

რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს რომ დამშეული ადამიანისთვის გვეკითხა, საჭმელიო, გვიპასუხებდა. სიცივსგან მომაკვდავი ადამიანის პასუხი იქნებოდა “სითბო”.

მაგრამ თუ პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ნუთუ კიდევ რჩება რაღაც ისეთი, რაც ყველას სჭირდება? ფილოსოფოსებს სჯერათ, რომ ადამიანი მარტო პურიტ ვერ დაკმაყოფილდება. რასაკვირველია, საკვები ყველასთვის აუცილებელია, ისევე, როგორც სიყვარული და მზრუნველობა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც ასვე სჭირდება ყველას: გაგება იმისა, თუ ვინ ვართ და რატომ ვარსებობთ.

ფილოსოფიის რაობას ყველაზე უკეთ რამდენიმე ფილოსოფიური კითხვის დასმა გაგვაგებინებს: როგორ შეიქმნა სამყარო? დგას თუ არა რაიმე ნება ან საზრისი ყოველივე არსებულის მიღმა? არის თუ არა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ? როგორ ვუპასუხოთ ამ კითხვებს? და, რაც მთავარია, როგორ ვიცხოვროთ? ამ კითხვებს ადამიანები საუკუნეთა მანძილზე სვამდნენ. არ არსებობს ისეთი ადამიანური კულტურა, რომელიც არ დაინტერესებულა იმით, თუ ვინ არის ადამიანი და როგორ წარმოიშვა ქვეყნიერება.

არსებითად, ფილოსოფიური კითხვები არც ისე ბევრია. ჩვენ უკვე დავსვით რამდენიმე უმთავრესი კითხვა. ისტორია ამ კითხვებს სხვადასხვანაირად პასუხობს. ასე რომ, ფილოსოფიური კითხვის დასმა უფრო ადვილია, ვიდრე მასზე პასუხის გაცემა.დღესაც ამ კითხვებს ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გასცეს პასუხი.

ფილოსოფოსთა მიერ ჭეშმარიტების ძიება დეტექტივს ჰგავს. ზოგი ფიქრობს, მკვლელი პეტრეაო, ზოგის აზრით კი – პავლე ან ივანეო. ზოგჯერ პოლიცია ახერხებს მომხდარი დანაშაულის გახსნას, ზოგჯერ – ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ამოხსა სადღაც არსებობს. ასე რომ, რა ძნელიც უნდა იყოს პასუხის გაცემა, უნდა არსებობდეს ერთადერთი სწორი პასუხი ამ კითხვებზე.

ორი ათასი წლის წინ მცხოვრებ ერთ ბერძენ ფილოსოფოსს შჯეროდა, რომ ფილოსოფია ადამიანის გაოცების უნარმა წარმოშვა. მისი აზრით ფილოსოფიური კითხვები ადამიანებს თავისთავად ებადებოდათ, რაკიღა საკუთარი არსებობა გასაოცრად მიაჩნდათ.

მრავალი ადამიანი ისევე უნდობლად უყურებს სამყაროს, როგორც ცილინდრიდან კურდღლის ამომყვან ილუზიონისტს, ერთი წამის წინ ცარიელი ცილინდრი რომ დაგვანახა. რასაკვირველია, ვიცით, რომ ილუზიონისტმა გაგვაცურა. ჩვენ მხოლოდ იმის გაგება გვსურს, თუ როგორ მოახერხა ეს. მაგრამ როდესაც მთელ სამყაროს ეხება საქმე, ჩვენ ვიცით, რომ ის მარჯვე ჯონგლიორებისა და მოტყუების შედეგი არ არის, რადგან ჩვენ მასში ვცხოვრობთ, მისი ნაწილი ვართ. ერთადერთი სხვაობა ჩვენსა და კურდღელს შორის ის გახლავთ, რომ მას არ ესმის, რას უშვრებიან. ჩვენ კი ვგრძნობთ, რომ რაღაც იდუმალის ნაწილი ვართ და გვსურს გავიგოთ, რა არის ეს საიდუმლო.

ფილოსოფიური პრობლემები იყოფა: ზოგს მცენარეების, ცხოველებისა და საერთოდ სამყაროს შექმნა აინტერესებს, ზოგსაც – არსებობს თუ არა ღმერთი ან უკვდავია თუ არა ადამიანის სული. არცერთი ფილოსოფოსი არ შესჭიდებია მთლიანად ფილოსოფიას, როგორც ასეთს.

ბევრისთვისაც ფილოსოფია ფუჭად დროის ხარჯვაა, რადგან ამ კითხვებზე პასუხი ალბათ მანამდე არ გაიცემა, სანამ კაცობრიობა იარსებებს. ჩვენ ფილოსოფიას ვერ ვისწავლით, შეგვიძლია ვისწავლოთ ფილოსოფიურად აზროვნება.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილოსოფია არის საგანი, რომელიც შეისწავლის ჭეშმარიტებას.


წყარო: wikipedia.com