ნიკოლო მაკიაველი



ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია – გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია) - რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ–სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის "ათთა კოლეგის" მდივანი. 1512 წელს , მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ–კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხორობდა სიკვდილის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: «მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო», «ხელმწიფე», «ფლორენციის ისტორია». 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები «აკრძალული წიგნების სიაში».
მაკიაველი იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. იტალიის უბედურების მიზეზად მისი დაქუცმაცებულობა მიაჩნდა. აღორძინების ეპოქის პოლიტიკოსთა იდეათა ისტორიაში მაკიაველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პრობლემისადმი საერთო(და არა თეოლოგიური) პოზიციებიდან მიდგომით. კარლ მარქსი მაკიაველს მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი კანონები გამოყჰავდათ არა თეოლოგიიდან , არამედ გონებიდან და გამოცდილებიდან.

მაკიაველის კონცეფციის თანახმად ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. თუ მმართველს შესწევს უნარი შეაფასოს მდგომარეობა და სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს პოლიტიკა, მაშინ წარმატება უზრუნველყოფილი იქნება. მაკიაველს საუკეთესო მმართველობის ფორმად რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას. მხოლოდ ძლიერი მონარქის ხელში გახდებოდა შესაძლებელი უცხოელთა უღლისაგან თავისუფალი იტალიური ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მაკიაველის აზრით სახელმწიფოს განმტკიცებისთვის დასაშვებია ყველა საშუალება–ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა; შემდეგ შეიქმნა ტერმინი მაკიაველიზმი, რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკას.
მაკიაველმა, როგორც ისტორიკოსმა , მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიის განვითარებაში. მაკიაველი აგრეთვე იყო მწერალი, კომედიოგრაფი; წერდა უმეტესად არისტოფანეს ტერენციუსისა და პლავტუსის მიბაძვით(«ანდრია», «კლაცია»), მაგრამ «მანდრაგორათი»(დაახ. 1512) მკვეთრად გაემიჯნა ლათინურ კომედიას და მიუახლოვდა ჩინკვეჩენტოს თხრობით ლიტერატურას. ეს ნაწარმოები მიჩნეულია აღორძინების ხანის საუკეთესო კომედიად. მასში წარმოსახულია მაშინდელი ფლორენციული საზოგადოების სატირული სახე. აღსანიშნავია ასევე მისიწიგნი «დიალოგი ენის თაობაზე», რომელშიც იგი ენის წარმოშობის არსებით საკითხებს ეხება, და ლექსები(საკარნავალო სიმღერები, , სტანსები, სერენადები, სონეტები და სხვა). ტრაქტატში «სამხედრო ხელოვნების შესახებ»(1521) მაკიაველი მკაცრად აკრიტიკებდა დაქირავებული ჯარის სისტემას და წამოაყენა მათი ხელმწიფის მორჩილებაში მყოფი მუდმივი ჯარით შეცვლის იდეა.
მისი წიგნი (იტალ. Il Principe), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველს სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა.
მაკიაველი თავის „ხელმწიფეში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელმწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.


View Larger Map


წყარო: wikipedia